„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ამის თაობაზე რადიო თავისუფლება წერს.
„საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
მათ განმარტეს, რომ საწვრთნელი შეკრება ახალწვეულთა ასეულთან ჩატარდება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად და სასწავლო პროცესისთვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის, ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს.
16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.