საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ. დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ - სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებებში.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც ევროკავშირში შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის ერთგული იმ პოზიციისა, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია.

ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან.

გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის.

იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება მათი შედეგი.

როგორც აღვნიშნე, რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.


საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი.

,,ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოყვება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.