უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული რაკეტების სამიზნე გახდა.
მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან", როდესაც „რუსეთი განსაკუთრებით მიზნად ისახავს" ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად მოიძიოს ალტერნატიული წყაროები“.
ორშაბათს, უკრაინის მთავრობამ მოუწოდა ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით, „შეზღუდონ“ ენერგიის მოხმარება. კითხვას, მიიღებს თუ არა უკრაინა დამატებით ენერგიას ევროპიდან, ჰალუშჩენკომ უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც განიხილება.
უკრაინის ენერგოსისტემა „ჯერ კიდევ სტაბილურია“, მაგრამ მოუწოდა პარტნიორებს, უზრუნველყონ „ჰაერის დაცვის სისტემები, რომლებიც ნამდვილად დაეხმარება ინფრასტრუქტურის დაცვას“.
„ჩვენ ვუგზავნით ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს: ჩვენ უნდა დავიცვათ ცა“, - განაცხადა ჰალუშენკომ.
სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმების დროს, უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს უმიზნებდა.
უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.