საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.
უწეყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
„ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.