საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2023-2025 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალ წევრად 14 ქვეყანა აირჩია. მათ შორის არის საქართველოც.

ფარული კენჭისყრის ფორმატში ჩატარებული არჩევნების შედეგები გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის თავმჯდომარემ ჩაბა კიოროშიმ გამოაცხადა.

„2023 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს შემდეგი 14 სახელმწიფო: ალჟირი, ბანგლადეში, ბელგია, ვიეტნამი, გერმანია, საქართველო, ყირგიზეთი, კოსტა-რიკა, მალდივები, მაროკო, რუმინეთი, სუდანი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა“, - აღნიშნა ჩაბა კიოროშიმ. 

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, შეძლებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მანდატის განხორციელებაში და იმ პროცესებში, რომლებიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 47 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების დაახლოებით მესამედი, ყოველწლიურად არჩევნების შედეგად იცვლება. უფლებამოსილების ვადა სამი წელია.

აპრილში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს, წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში შეჭრისას ადამიანის უფლებების „უხეში და სისტემატური დარღვევის“ მტკიცებულებები გახდა. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას შექმნის.