ელჩი დეგნანი ФСБ-ს ინფორმაციაზე: ბევრი სპეკულაციაა

ამერიკის ელჩმა სპეკულაცია უწოდა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არავის აქვს ინფორმაცია.

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, ასევე სანაპირო დაცვასთან და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, სწავლებით, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს. 

არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება.

„ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა კაკაურიძემ.