ამერიკის ელჩის თქმით, ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებნს განუცხადა. შეკითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ.

„ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს NATO-ში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი.

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით.

მას აქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ესეც, რაც არის ახალი მიზანი, ეს არის სრულიად მიღწევადი თუ საქართველოს ლიდერების ყურადღების 100 პროცენტი მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად ქართველი მოსახლეობის სურვილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. ეს განცხადება ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ორი დღის წინ გაავრცელა.