ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბელგიის სამეფო NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.