პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე: სწორედ ეს არის გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას გლობალური სოლიდარობოს გამოხატულებად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ საქართველოც ამ სოლიდარობის ნაწილია.

„სწორედ ეს არის გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.

რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ.

„რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.