აშშ პარტნიორებსა და მოკავშირეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა პარტნიორებს და მოკავშირეებს, სწრაფად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთებაში, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის „ბარბაროსულ“ თავდასხმებს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები უახლოეს კვირებში უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა უკრაინელ კოლეგა სერჰი მარჩენკოსთან შეხვედრის წინ განაცხადა, იუწყება Reuters-ი.

„ჩვენ მზად ვართ, ეს დაფინანსება რაც შეიძლება მალე გადმოგცეთ, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ თქვენი მამაცი წინააღმდეგობის მხარდაჭერა“, - განაცხადა იელენმა.

„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა კოლექტიური ძალისხმევაა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ უკრაინის წინაშე არსებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს თავისი უწყებების ფუნქციორება, ხალხისთვის მომსახურება. დავეხმაროთ უკრაინას მშენებლობასა და აღდგენაში“, - აღნიშნა იელენმა.

მოხსენების თანახმად, კონგრესმა ეს დაფინანსება ორი კვირის წინ დაამტკიცა, რამაც აშშ-ის მიერ პირდაპირი ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტის სახით $13,5 მილიარდამდე გაზარდა.