ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას საჰაერო თავდაცვის მხოლოდ 10% აქვს

„ჩვენ ვებრძვით დიდ სახელმწიფოს, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და რაკეტები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინითვის აღჭურვილობის მიწოდებისთვის და დაამატა, რომ საფრანგეთისა და იტალიისგან მტკიცე ვალდებულებას ელოდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რადარებსა და რაკეტებს, უახლოეს კვირებში მიაწვდის.

განცხადება დასავლელი პარტნიორების მრავალ სხვა დაპირებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.