ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უწევდა კონსულტაციებს, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას Europetime-თან აფასებს.
„ბევრის მსგავსად, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება. იგრძნობს თუ არა კომფორტულად თავს ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის ჩათვლის, რომ მთავრობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ან პარტია პოლიტიკურ ჩიხშია და ამ დროს არაფერი არ უნდა თქვას და გააკეთოს - ეს არის საინტერესო. გარდა ამისა, ბევრი, „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაში მიჩვეულია, რომ ივანიშვილია ყველაზე დიდი გავლენის მქონე საქართველოში და შეიძლება არც დაიჯერონ, რომ ის ნამდვილად ტოვებს პოლიტიკას.
საქართველოსთვის მთავარ საკითხად რჩება, შეუძლია თუ არა ქვეყანას თავი დააღწიოს, ერთპარტიულ სისტემას. ამ ციკლიდან გამოსასვლელად საჭიროა ნამდვილად კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში გადანაცვლება. ივანიშვილის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ ნაბიჯია. ამასთან, ყველაფერი, რაც საქართველოს ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლიდან გამოიყვანს, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს და ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამას“, - განუცხადა Europetime-ს ლინკოლნ მიტჩელმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.