რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.
„შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი.
მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.