13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე რჩება

13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვის სუნთქვაზე რჩება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა გააკეთა. 

„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ახლა ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე თავის ტვინზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. მკურნალობა გრძელდება“, - აცხადებს ექიმი.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.