ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად

ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს.

მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.