პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, - აღნიშნავს კობახიძე.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.