ექიმი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებულმა მოზარდმა მშობლებთან კონტაქტი შეძლო, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, კონტაქტურია. ამის შესახებ ექიმმა დავით ციბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის სირთულეები მეტ-ნაკლებად დაძლეულია.

„ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა“, - განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.

ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს. 

  • სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ.

„გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა.

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.