„ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ეს წელს უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვას ასეთი ეკონომიკური რეფორმები არ ჩაუტარებია როგორც საქართველოს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შესთავაზეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„ევროკავშირმა უთხრა საქართველოს, რომ არის 12 საკითხი რომელზეც უნდა იმუშაოთ. ჩვენ გადავხედავთ თქვენს პროგრესს და მოგანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ ყველაფერი წესრიგში იქნება. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ ეს საკითხები შესაბამისობაში იყოს. იყო დიალოგი ბრიუსელთან ამის შესახებ. ამის შესახებ საუბრები იყო ოპოზიციასთანაც. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.