ექიმი: ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი ბინაზე სავარაუდოდ, მალე გაეწერება

"ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება" - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, - განაცხადა მარინა ფირცხალავამ.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.