ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამის შესახებ ინფომაციას Interfax.az-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი.
„აეროპორტის შენობა ან წელს აშენდება ან გაისად. მისი მთავარი მიზანია შუშაში უცხოელმა სტუმრებმა შეძლონ ჩამოსვლა. მანძილი ფიზულისა და შუშას შორის დიდი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ფუნდამენტი ჩაეყარა ექვსზოლიანი გზის ოთხ ნაწილს, უცხოელებს შუშამდე მისვლა უმოკლეს დროში შეეძლებათ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა..
მანამდე ალიევი ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ორი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგემება.
ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა ეწვივნენ ქალაქ შუშასაც (სომხ. შუში), რომელიც აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხებმა არ უნდა დაივიწყონ 44-დღიანი ომი და მისი შედეგები.
„თუ სომხეთში ვინმე რევანშზე ფიქრობს, ისევ ჩვენს რკინის მუშტს დავანახებთ. ამ რკინის მუშტმა მოახრევინა მათ ქედი და გაუტეხა თავები. თუ ჩვენს წინააღმდეგ რამე პროვოკაციას წამოიწყებენ, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ინანებენ და მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ალიევმა.