თებერვლის ბოლო იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში იგეგმება Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა.
„დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და გარკვეული თანხა გვაქვს გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას.
რაც შეეხება, თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ, ამ „ცივი ჯაჭვის“ არსებობის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ უკან, რათა მათ ჰქონდეთ გარანტია. ორმხრივ გარანტიაზეა საუბარი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შესანახ მაცივრებსაც ითვალისწინებს, ქვეყანაში უკვე არსებობს.
ცნობისთვის, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ იანვრის ბოლომდე ქვეყანა მზად იქნებოდა ვაქცინის მისაღებად.