ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, „არასწორს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკა და სხვა ქვეყნების მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა“, - აღნიშნა ჯენკინსმა.
მისი თქმით, დენიზფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, საქართველოში აშშ-ის ელჩზე თავდასხმები.
„დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა - და ასეც მოვიქეცი - ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში“, - განაცხადა ჯენკინსმა.
ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.