დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ჩვენ ერთად საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ ევროპას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.
მისი თქმით, ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, გლობალური თვალსაზრისით თავი უკეთ დაიცვას.
„მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს.
ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.
რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია.
რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. თუმცა ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწელეობს.