ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განმარტა, არის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს.
„ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე არის მრავალი.
ცივი სეზონი პიკში შედის და ახლა ყველამ გათბობა უნდა ჩართოს. პირველ რიგში, ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ გამათბობელი, თუნდაც ცენტრალური, რასაც წარმოვიდგენთ, რომ არის უსაფრთხო, ყველამ შეამოწმოს ცივი სეზონის დადგომისთანავე და მის ჩართვამდე. ეს არის უსაფრთხოების კულტურის წესი, რომელიც კარგია, რომ ჩვენს კულტურაში დავამკვიდროთ.
კომპანიის ვალდებულება წელიწადში ერთხელ ტექნიკურ შემოწმებაზე ძალაში რჩება. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვუტარებთ. ეს კომპანიის მხრიდან გაკეთდება, მაგრამ მოწყობილობის შემოწმება ყოველთვის არის მომხმარებლის ვალდებულება. ყოველი ცივი სეზონის დადგომისთანავე გაზის დანადგარები და შიდა ქსელები შევამოწმებინოთ“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ ფართებში განთავსებულია ისეთი დანადგარები, რომელიც დაუშვებელია დახურულ სივრცეში იყოს.
- სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის ნამწვი ბინაში არ უნდა დაგროვდეს.
„ეს პირდაპირ იწვევს სიკვდილს იმ შემთხვევაში, თუ იმ რაოდენობის CO დაგროვდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის წარმოუდგენელია. ეს არის ისეთი ტიპის დანადგარი, რომელიც არ შეიძლება დახურულ ფართში არსებობდეს. ის არის მხოლოდ ღია მოხმარებისთვის“,-განაცხადა ვარდიაშვილმა IPN-ის ცნობით.
მისი თქმით, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ს მოქალაქეებს მოწყობილობების შემოწმებას სრულიად უფასოდ სთავაზობს.