NATO ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებს ორშაბათს, 17 ოქტომბერს იწყებს.
წვრთნებში (Steadfast Noon) აშშ 13 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს.
პენტაგონის თანახმად, სწავლება უკვე 10 წელზე მეტია, რაც ტარდება.
„წვრთნები მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავებს, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ, მაგრამ ბორტზე ცოცხალი იარაღი არ იქნება. აშშ ასევე უზრუნველყოფს B-52 ტიპის ბომბდამშენებს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში, მინოტის საჰაერო ბაზიდან იფრენენ. სწავლების მიზანია, უზრუნველყოს ალიანსის შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც დარჩეს როგორც სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხო“, - განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„რუტინული სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან“, - აღნიშნულია თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურ ინფორმაციაში.
NATO-ს ცნობით, წვრთნებში 60-მდე თვითმფრინავი ჩაერთვება, მათ შორის მოწინავე გამანადგურებელი, სადაზვერვო და ტანკერი-თვითმფრინავი. სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის თავზე, რომელიც წვრთნებს მასპინძლობს, ასევე ჩრდილოეთ ზღვისა და გაერთიანებული სამეფოს თავზე. ცოცხალი იარაღი არ გამოიყენება.
„NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მოკავშირეთა ლიდერებმა ივნისში, მადრიდის სამიტზე მიიღეს, ცხადყოფს, რომ „NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანი, მშვიდობის შენარჩუნება, იძულების თავიდან აცილება და აგრესიის შეკავებაა“.
მასში ხაზგასმულია, რომ „სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO ბირთვულ ალიანსად დარჩება.
„NATO-ს მიზანი ყველასთვის უსაფრთხო მსოფლიოა; ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ უსაფრთხოების გარემო მსოფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე“, - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში.
ამასთან, როგორც CNN წერს, აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი და აშშ-ის დაზვერვა, რუსეთის წვრთნების დროს მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას დააკვირდებიან. კრემლის წვრთები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა და მისი გადაწყვეტილება ამ წვრთნების გაგრძელების შესახებ, უკრაინასთან ომის დროს, უპასუხისმგებლობაა“, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა.