სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ძალების წინაშე მდგარი ლოგისტიკური პრობლემები, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ გაუარესდა. ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხერსონის მომარაგების მარშრუტები, ნაწილობრივ დაპყრობილ ზაპოროჟიეს რეგიონში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეჩერებულია, დიდი რაოდენობით სატვირთო მანქანები დაგროვდა მატერიკზე, რაც სავარაუდოდ, გაზრდის ლოგისტიკურ დატვირთვას მანქანების ნაკადზე, რომელიც მარიუპოლის გავლით ზაპოროჟიეს რეგიონში უნდა გადავიდეს, რადგან ყირიმის ხიდის სიმძლავრე მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, ხერსონის რეგიონში დაძაბულობის გამო (ხერსონის წინააღმდეგ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევა) და ყირიმის გავლით მიწოდების გზების გაუარესების გამო, სახმელეთო ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონის გავლით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსული ოკუპაციის მდგრადობისთვის.
„ამავდროულად, მელიტოპოლი არის არა მხოლოდ მიწოდების მარშრუტების მთავარი კერა, არამედ რუსული ავიაციის ბაზაც“,- წერენ მოხსენების ავტორები.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.