მაიკ პომპეო: შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Ndtv-ი ავრცელებს.

პომპეოს თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფიგურების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს.

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ასპარეზს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას სამაგიეროს მიზღვევას შიშის გარეშე,“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელიც ცდილობს კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბერლინიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს.