ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

„საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ტიკარაძეს თქმით, მის უწყებაში ამ მხრივ სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობენ.

მისი თქმით, მსოფლიოში მიღებულია, რომ საწოლფონდის საჭიროება გაიზომოს იმის მიხედვით, რამდენი საწოლი მოდის 100 ათას მოსახლეზე, საქართველოში კი იმდენი კლინიკაა, შესაძლოა გავზომოთ რამდენი კლინიკა მოდის 100 ათას მოქალაქეზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში უფრო ჭარბია საწოლფონდი, ვიდრე ბრიტანეთსა თუ გერმანიაში

„როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე.

აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნას ბიზნეს ინტერესებით ხსნის და აღნიშნავს, რომ საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.