"საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
"დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით, ამ შემთვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების აღიარება, რამდენიმე აღიარებული ვაქცინაა, ესენია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას" და "მოდერნას" ვაქცინა. ვაქცინაციის გეგმაში ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე, მსგავსი აღიარებით, რა თქმა უნდა, გეგმა იმასაც გაითვალისწინებს.
გეგმაში მკაფიოდ არის დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად. ეს არის -80 გრადუსიანი, -20 გრადუსიანი მოდერნასთვის და 2 და 8 გრადუსი, ეს არის რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვი, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია. ამ მხრივ მზაობა არის ძალიან მაღალი, არც სჭირდება დამატებითი ინვესტიცია" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მზაობის დამადასტურებელი წერილ Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.
„ეს კონკრეტული წერილი COVAX-ის პლატფორმაში შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.