ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, დიდი სისულელე თქვა

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს.

ამასთან, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა გადააქციონ.

„გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია.

თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. ეტყობა ეს თქვენთვის იმხელა პრობლემას არ ნიშნავს. მერიაში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაა... რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ბავშვის გარდაცვალებაში ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ყველაფერი ასე ერთმანეთში არიოთ, ძალიან გთხოვთ იმ ბავშვს და მის ხსოვნას ამას ნუ ვაკადრებთ“,- განაცხადა დავითულიანმა.


ცნობისთვის, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

ბავშვი დაახლოებითი ერთი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდა. ბავშვის დეიდა კი აცხადებდა, რომ ის საარჩევო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ამასთან, საქმე დღემდე გაუხსნელია.