„თუ არ გვინდა, პირბადით გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, აუცილებლად მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინა", - ამის შესახებ იმუნოლოგმა და მიკრობიოლოგმა, ნინო გაჩეჩილაძემ „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში განაცხადა.
„ვაქცინის გამოცდისთვის, მცირე დრო იყო, მაგრამ ეს პანდემიაც ძალიან მოულოდნელად დაგვეცა თავს.
თუ არ გვინდა, პირბადით გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, აუცილებლად მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინა. სხვა არჩევანი, სხვა ინსტრუმენტი არ არის.
კოლოსალური მასშტაბის კვლევები გამოიწვია ამ პანდემიამ - იყო სამეცნიერო გაჯიბრებაც, სამეცნიერო შპიონაჟიც, მუდმივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა სტატია. ამ შეჯიბრში, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა ვაქცინამ. წამლამდე, ჩვენ გვაქვს ვაქცინა. ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის შეჩერება შეგვიძლია.
წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანს სადმე ცხრათავიანი დევის შეხვედრის ეშინოდეს. ბიოლოგია მუშაობს პრინციპით დნმ - რნმ - ცილა. პირიქით ეს ვერ იმუშავებს. გენეტიკური კოდის ცვლილებაზე, ჩიპირებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ნუკლეინის მჟავების ბაზაზე, ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა ვაქცინების შექმნის ტექნოლოგია“, - განაცხადა ნინო გაჩეჩილაძემ.