,,მშენექსპერტის“ დირექტორისა და ინსპექტორის ადოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნას ვერ გასცემდნენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული ორი ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორის, ნუგზარ ქიტიაშვილისა და ამავე კომპანიის ინსპექტორის, დავით თუშიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მათ მხოლოდ პროექტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა გააკეთეს, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნა არ გაუციათ.

„მათ, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინებათ, დოკუმენტის გაყალბებაზე, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

მათ ჩაატარეს საექსპერტო სამუშაო ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. რამდენი ბეტონია დასხმული, რამდენი ნათურაა გამოყენებული და ა.შ. მათ უსაფრთხოების ლიცენზია არ აქვთ. ასე რომ, ისინი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვერანაირ ლიცენზიას ვერ გასცემდნენ”, - განაცხადა ადვოკატმა.


შეგახსენებთ, შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა.

დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.
 
დაკავებულია „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას,
 
დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,
 
დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.