„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარებისთვის მიმართვის ფაქტი არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ეს მათ სტრატეგიულად მაინც არ დაეხმარება. ეს მხოლოდ დამატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ რუსეთი საკუთარი მარცხის ტრაექტორიაზე და საკუთარ ტერორში კიდევ ვინმეს ჩათრევას ცდილობს.
ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ბოლოს, თავდახრილები წავიდნენ თეირანისკენ, რათა მიეღოთ საკმაოდ მარტივი თვითმფრინავები და რაკეტები.
ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას. თუმცა ახლა ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით, ტერორისტებს კიდევ შეიძლება უჩნდებოდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ყველაფერი ეს დაიმსხვრევა, ისევე როგორც მათი წინასწარი გათვლები”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.