18 ოქტომბერს, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ ფორუმზე NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ინტერვიუს Deutsche Welle-ს ჟურნალისტი გაუძღვა. NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტრანსკრიპტის თანახმად, სტოლტენბერგთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენელსაც ჰქონდა.
შეკითხვა: ევროკავშირში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე, ქეთი ჭუმბაზე: გენერალურ მდივანო, მართლაც, რუსეთის ეს აგრესიული ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში და არც 2014 წელს. ეს ომი რეალურად დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა მისი ორი სუვერენული რეგიონი. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი უნდა იყოს NATO-სა და კოლექტიური დასავლეთის პროაქტიული პოლიტიკა?
პასუხი: „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური და ნაწილობრივ სამხედრო პასუხი არსებობს: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა, დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის შეჭრის მიმართ. საქართველო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია, რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. მაგრამ ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგს და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას.
NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ მეტის გაკეთებაზე, განსაკუთრებით უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყანასთან პროაქტიული მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა.
შემდეგ, ვფიქრობ, ეს ასევე გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ, მაგალითად, საქართველო განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს და განიხილავს ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც ჩვენ გამოვთქვით, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით.
ასე რომ, რაც უფრო მეტად შეძლებს საქართველო ამ პრობლემების მოგვარებას, ვფიქრობ, მით უფრო ადვილი იქნება NATO-ს მოკავშირეებისგან საჭირო მხარდაჭერის მობილიზება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.