რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ დროისთვის შეუძლებელია. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ახლა თურქეთში მსგავსი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობა არ არსებობს.
„ამჟამად ასეთი წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა წარმომადგენელმა.
- ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის
ანკარა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებას დიდი ხანია, ცდილობს. ანკარა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის კუთხით, თურქეთის შუამავლის როლს ხშირად უსვამს ხაზს. პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება, რამაც მარცვლეულის ექსპორტი განაახლა, სწორედ სტამბოლში გაფორმდა.
რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის განახლებული შეტევის შემდეგ, 18 ოქტომბერს განაცხადა.
მისი თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია.
18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.
თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.