საკოორდინაციო საბჭო: ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია შეინიშნება, 8,3 %-ია

პანდემიის მიზეზით მოქმედი შეზღუდვების შედეგად, ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია შეინიშნება და დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

როგორც საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აღნიშნული მაჩვენებელი მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

როგორც სხდომაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება.

საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.