ბექა ფერაძე: სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების ტესტირების შემთხვევაში იგეგმება

"საქართველოში სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა პირველი თებერვლიდან მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების ტესტირების შემთხვევაში იგეგმება", - ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბექა ფერაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ხარჯებს სრულად სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ ეტაპზე კი განიხილება ბიზნესის თანამონაწილეობის საკითხიც.

"დასაქმებულების კონკრეტული პროცენტული წილი იქნება განსაზღვრული, რომელიც გაიტესტება 1 თებერვლამდე. თვითონ სავაჭრო დაწესებულების ადმინისტრაცია შეარჩევს რისკის შემცველ ჯგუფებს და ეტაპობრივად მოხდება ყველა დასაქმებულის მოცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის მექანიზმი ექნება შრომის ინსპექციას. ტესტირება ჩატარდება ყოველ 14 დღეში ერთხელ", - აღნიშნა ფერაძემ.