რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს.
„ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება", - განაცხადა დანილოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება და ეს საკითხი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია.
„სხვა საკითხია, რომ მათ შეუძლიათ, გაანადგურონ ის დანაყოფები, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ", - განაცხადა დანილოვმა.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. ISW-ის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს.