ილია დარჩიაშვილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.

„აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო თურქეთის მიმართულებით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში.

„გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე გაიმართა სამუშაო ვიზიტები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის განახლდა. აქტიურად განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი დონის ვიზიტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.