ილია დარჩიაშვილი: აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო​​ და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ  საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ მეზობლებთან მიმართებით ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა.

„როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერდა, აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობების, ეკონომიკური ზრდის რეგიონად.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივის კუთხით საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნდობის აღდგენას. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში.

აღნიშნული იდეა კვლავ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამაც. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის პრაქტიკული ასპექტებიც“, – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს.

„აზერბაიჯანის მიმართულებით, ვეყრდნობით რა, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელი რიგი მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო​​ და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას.

ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობა, ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ და თურქულ მხარესთან.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის მორიგი სხდომის გამართვა ბაქოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებდა ვიზიტის გაცვლას სომხეთის რესპუბლიკასთან.