რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე, სავარაუდოდ, დღეს შევა. ინფორმაციას ევროკავშირის თქვმჯდომარე ქვეყანა, ჩეხეთი ავრცელებს.
ამ ეტაპზე სანქციების ქვეშ მოექცა მწარმოებელი კომპანია Shahed Aviation Industries-ი და სამი პირი - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ჰოსეინ ბაგერი, ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო კოსმოსური კორპუსის მეთაური საიდ აღაჯანი და ირანის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის ოფიცერი ჰოჯათოლა ღორეიში.
სანქციები ძალაში დღეიდან შევა.
უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.