მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
მისი თქმით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
ამასთან, საქართველოს, ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და იაპონია, ასევე, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი.
განსაკუთრებული როლი ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, მათ შორის აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა მინისტრმა და წლის განმავლლობაში აღნიშნული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გააქტიურებულ ურთიერთობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ვიზიტებზე იორდანიაში, კატარში, ისრაელში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. მათ შორის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იორდანიაში პრემიერ-მინისტრის ისტორიულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი.
„მინისტრის საათის“ ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა „საქართველოს წარმატებულ სამეზობლო და რეგიონულ პოლიტიკაზე“ ისაუბრა.
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.
„საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე, როგორც პრემიერის მიერ გენასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. „ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისში, რომელსაც მე ვუმასპინძლე.
სამეზობლო ინიციატივის იდეა კვლავ გააჟღერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.