ოკუპირებულ ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო პროცესი“ მიმდინარეობს. დაკავებული რამდენიმე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
როგორც Europetime-ს სუს-ის პიარში განუცხადეს, გახელაძის სასამართლო პროცესი დღეისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა აამ დრომდე ცხელი ხაზით სასამართლოს პროცესის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
„სასამართლო გადაწყვეტილების დეტალები რამდენიმე საათში გახდება ჩვენთვის ცნობილი“,- განუცხადეს Europetime-ს სუს-ში.
გახელაძის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, 11 ივლისს, მსხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა გახელაძე ფეხში დაჭრეს.
დაკავებულს ბრალად ედება საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. .
სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.