შეერთებული შტატები წინასწარ არ აკეთებს განცხადებას სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისთვის უკრაინის მიერ სანქციების დაწესების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
„ეს შეკითხვა ალბათ უკრაინის მთვრობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ არის“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.
ელჩ დეგნანს ასევე ჰკითხეს, „აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს სანქციებს, რადგან უკრაინის მთავრობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მათ სანქციებს შეუერთდნენ და დაუწესონ სანქციები მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილ პირებს“.
„რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებგვერდზე და არ ხდება წინასწარ განხილვა/დაანონსება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
სანქცირებულთა სიაში არიან ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები.
ხსენებულ პირებს უკრაინის ტერიტორიაზე შეეზღუდებათ:
- სავაჭრო ოპერაციები
- უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა
- ქონების უფლება
- რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი
- ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა