საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები.
„შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.