გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ურყევ სოლიდარობასა და მხარდაჭერაში დაარწმუნა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების გაგრძელებაში, ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერსტინ გამელინმა ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი ტქმით, შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებას.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის. ორივე პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პირად შეხვედრას კიევში“, - განაცხადა გამელინმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი მზადდება.
„მქონდა არსებითი და პროდუქტიული საუბარი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
მადლობა გადავუხადე გერმანიას IRIS ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა განვათავსოთ საჰაერო ფარი უკრაინის თავზე! გერმანია ასევე დაგვეხმარება რუსეთის სარაკეტო ტერორის შედეგების დაძლევაში. ვამზადებთ გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.