შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ უკრაინელების მკვლელობებზე თვალს ვერ დავხუჭავთ

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ მას არ შეუძლია, თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო შვეიცარიის კონფედერაციის ნეიტრალიტეტთან ან ღირებულებებთან.

ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში განაცხადა.

კასისის თქმით, კიევში ვიზიტი მისთვის ძალიან ემოციურია, ვინაიდან მისი წინა ვიზიტიდან თითქმის ერთ წელიწადში ჩავიდა ქვეყანაში, სადაც ომია.

„შვეიცარიამ თავიდანვე მკაცრად დაგმო რუსული შეიარაღებული აგრესია. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიმუშავეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც თქვენთან ხდება. ადამიანების მასობრივ მკვლელობებს საერთო არაფერი არ აქვს ნეიტრალიტეტთან და ჩვენს ღირებულებებთან“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.