ბელორუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები წარუდგინეს. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. მედია წერს, რომ ლუკაშენკო ბრესტის ოლქში, ობუზ-ლესნოვსკის პოლოგონს ეწვია.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი ნიმუში, არა? ამ ნიმუშებიდან რომელიმე რომ გავაგზავნოთ ფრონტზე, იქნება თუ არა კარგი ბრძოლის ველზე?...
„ვისაც სურს, იყიდოს, მიიღებს. თუმცა არ არის სასურველი, რომ ეს ტექნიკა უკრაინაში გამოიყენონ, ბოლოს და ბოლოს ჩვენთვის ახლობელი ერია“, - ციტირებს მედია ლუკაშენკოს სიტყვებს.
ცნობისთვის, ბელორუსმა რუსეთთან მორიგი სამხედრო წვრთნები 17 ოქტომბერს დააანონსა. თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბებული რუსეთ-ბელორუსის ჯარებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი.
მისივე თქმით, ბელორუსი იტოვებს უფლებას, მიიღოს სტრატეგიული შეკავების პრევენციული ზომები „შეტევის თავიდან ასაცილებლად ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის განეიტრალების მიზნით“. ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები რუსეთის ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან.
უკრაინის დაზვერვის ბოლო ცნობებით, ლუკაშენკოს, რუსეთ-უკრაინის ომში სრულად ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება მოითხოვა.
აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის.
„რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი.
სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს.
ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.
დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.