ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორების მოზიდვაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით.
ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.
შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით.
ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არამხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგიის სუფთა, კლიმატისთვის ხელსაყრელი წყაროების განვითარების მნიშვნელობის გამო, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას და მისი მთავარი სამიზნეა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული უსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება.
ეს მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
30 წელია, შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
USAID-ის 16 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა, კონკრეტულად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება.
ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.