ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა.

„მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო.

გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი.

ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.